განათლების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია გათავისუფლებული პედაგოგების საქმეებს განიხილავს

განათლების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია გათავისუფლებული პედაგოგების საქმეებს განიხილავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილი მიმართვას ავრცელებს. მიმართვის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც განათლების სისტემიდან გათავისუფლებულთა დავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შედის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებული. 
მარგველაშვილის განმარტებით, განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს.
„ვთვლი, რომ იმ ავტორიტატულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამონახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მათ კი ვინც, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად“,- ნათქვამია მიმართვაში.
მისივე თქმით, აღნიშნული კომისიის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დავის სასამართლო უწყებაში გადატანის თავიდან აცილებაა.
„იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და მალე დაუბრუნდებით თქვენს საქმიანობას. პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას“,- აცხადებს  მიმართვაში მარგველაშვილი.