კახა კახიშვილი: ანტიკორუფციული საბჭო გააკონტროლებს, ახალი მთავრობის წევრების ახლობლები, უცებ არ აღმოჩნდნენ ბიზნესის ნიჭით დაჯილდოვებულნი

კახა კახიშვილი: ანტიკორუფციული საბჭო გააკონტროლებს, ახალი მთავრობის წევრების ახლობლები, უცებ არ აღმოჩნდნენ ბიზნესის ნიჭით დაჯილდოვებულნი

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, კახა კახიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს. კონკრეტულად, რა მიზნები ექნება ანტიკორუფციული საბჭოს,  შეძლებს თუ არა ის ახალი ხელისუფლების შესაძლო კორუფციული სქემების პრევენციას და „ქართული ოცნების“ რა წინასაარჩევნო პროგრამის დეტალს იყენებს საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად ? From.ge კახა კახიშვილს ესაუბრა.

კონკრეტულად რა მიზნები ექნება ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს?

- ფაქტების და კორუფციული სქემების გამოვლენა, ინფორმაციის მიღება, დამუშავება და პროკურატურაში გადაგზავნა, ანტიკორუფციული ღონისძიებების შემუშავება, ისეთი კანონპროექტების და  ნორმატიული აქტების შემუშავება,  რომელიც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სქემების ჩამოყალიბებას. ეს იქნება საბჭოს ძირითადი საქმიანობა. მინდა ავღნიშნო აუცილებლად, რომ  საბჭო, რომელიც  საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან უნდა შეიქმნას, უნდა იყოს პარიტეტულ საწყისებზე ჩამოყალიბებული და არ უნდა სჭარბობდნენ საბჭოში შემავალი სახელმწიფო მოხელეები არასამთვრობო სექტორის თუ საზოგადოების წარმომადგენლებს. 

ფიქრობთ, რომ ანტიკორუფციული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას?

-ვფიქრობ,ხელს აუცილებლად შეუწყობს. კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება -მიცემა არ არის. კორუფცია უკავშირდება ისეთ სქემებს, რომელიც შესაძლებელია არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა მეორეს მხრივ ემსახურება  როდესღაც კონკრეტული შედეგების მიღებას. პირველ ეტაპზე ის თითქოსდა უწყინარია, თუმცა საბოლოოდ ის კორუფციულ დანაშაულს ემსახურება. ასეთი სქემების გამოვლენა,  პროექტებისა და ნორმატიული აქტების შედგენა და შემდგომში პარლამენტისთვის თუ მთავრობისთვის წარდგენა, რომელიც მიზნად ისახავს ასეთი ელემენტის ჩამოყალიბების პრევენციას, არის საბჭოს დანიშნულება.

იქნება თუ არა ეს პრევენცია იმის, რომ შემდგომში ახალი მთავრობის რომელიმე წევრს, ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე პიროვნებას არ გაუჩნდეს კორუფციაში მონაწილეობის სურვილი?

-უნდა შევისწავლოთ ის კორუფციული სქემები, რომელიც ძველი ხელისუფლების წევრების მიერ იქნა დანერგილი და უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი კონტროლი ახალ უმრავლესობაზე, მთავრობის წევრებსა და საჯარო მოხელეებზე. ისე არ აღმოჩნდეს, რომ როგორც 2004 წელს, უცბად გამოჩნდნენ ხელისუფლების წევრების ახლო ნათესავები ან პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ფიგურები- ბიზნეს ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, ასევე გამოჩნდნენ 2012 წელსაც. კონტროლი უნდა გაეწიოს იმასაც, რომ რომელიმე საჯარო მოხელეს არ გაუჩნდეს ისეთი შემოსავალი, რომელიც, მაგალითად, დღეს ფეხით გადაადგილდება, შემდგომში კი უკვე დაცვის კორტეჟით დაიწყებს სიარულს.

საზოგადოების მონაწილეობა და მონიტორინგი აუცილებელია. პროკურატურაც, ბუნებრივია ახორციელებს ამის მონიტორინგს, მაგრამ პროკურატურა ებრძვის კონკრეტულ დანაშაულს, ის იძიებს და რეაგირებას ახორციელებს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე. ამიტომ არის აუცილებელი საზოგადოების კონტროლი.  კორუფციული დანაშაული მხოლოდ ერთი ფაქტით არ გამოიხატება, ეს მთელი სქემების წყებაა. რომელსაც ერთი შეხედვით არ აქვს დანაშაულის სახე. თუნდაც, მაგალითად, ტენდერების საკითხი, რაღაც ნებართვების, სტატუსების მინიჭება  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონკრეტული პიროვნებების მიმართ, რომელიც მომავალში შეიძლება რაღაც კონკრეტული კორუფციისთვის იყოს გამოყენებული. ავიღოთ, დაბურული შუშები, ციმციმები. შეიძლება დაბურული შუშა დანაშაული არ იყოს, მაგრამ ის, რომ კონკრეტულ ადამიანს მიენიჭა ამის ნებართვა და სტატუსი, მიუხედავად იმის, რომ მას არ ეკუთვნოდა და ის მხოლო რომელიმე ჩინოვნიკის სურვილი იყო, შემდგომში ეს დაბურულშუშებიანი მანქანა შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული ოპერაციებისთვის. სწორედ ამ სტატუსების და ტენდერების აღმოფხვრაზეა საუბარი ჩვენი საბჭოს მიერ. ერთია პრემიერ-მინისტრის სურვილი, რომ ქვეყანაში კორუფცია მოისპოს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას,რომ ხელისუფლებაში შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ეხლა აღმოჩნდებიან ხელისუფლებაში და ამ სქემებს დაამკვიდრებენ.

პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელსაც თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს. საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს, კომისიაში უმრავლესობა მათ ჰქონდეთ, ეს მაშინ, როდესაც სწორედ  მათი მთავრობის წევრების დანაშაულებრივი საქმიანობა უნდა  იქნეს განხილული.

-თვითონ რეგლამენტშია მითითებული, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ უნდა შეადგენდეს კომისიის ნახევარზე მეტს და სწორედ უმცირესობა უნდა იყოს კომისიის ნახევარზე მეტი. ნონსენსია, როდესაც ამ კომისიის მუშაობა და საქმიანობა უნდა იყოს მიმართული იმ პირების მიმართ, რომლებიც დღევანდელ უმცირესობაშიც არიან. თუმცა აქ კიდევ არის ერთი მომენტი- ის, რომ საპარლამენტო უმცირესობას უნდა ეხელმძღვანელა საგამოძიებო კომისიისთვის, სწორედ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში იყო მითითებული და სწორედ ამ ფაქტს იყენებს ახლა უმცირესობა.

ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პროცესთან გვექნება საქმე. თუ რეგლამენტი შეიცვლება და უმრავლესობას მიეცემა უფლება, უმრავლესობით დააკომპლექტოს საგამოძიებო კომისია, მაშინ უმცირესობა ჩათვლის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ უმცირესობას დაუთმობენ, ეს საგამოძიებო კომისია ქმედითუნარიანობას დაკარგავს და გადაიქცევა პოლიტიკურ ტრიბუნად, სადაც ერთი მხარე ვიღაცას დაადანაშაულებს, მეორე მხარე კი ამ დანაშაულს უარყოფს და განაცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. საბოლოო შედეგს კი მაინც პროკურატურა დებს. ის იძიებს კონკრეტულ საქმეს, ის ზედამხედველობს გამოძიების პროცესს და შედეგსაც ის დებს, საგამოძიებო კომისია ფაქტების გამოვლენით და მასალის მომზადებით იქნება დაკავებული, საბოლოო შეფასებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, გამოძიებას და სასამართლოში საქმის წარმართვას  სამართალადამცავი ორგანოები ახორციელებენ. პარლამენტის საგამძიებო კომისიას პოლიტიკური ტრიბუნის სახე ექნება, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებს.