სოზარ სუბარი: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ამნისტიითა და სასჯელის შეკრებითობის გაუქმებით, საპყრობილეს  ბევრი ადამიანი დატოვებს

სოზარ სუბარი: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ამნისტიითა და სასჯელის შეკრებითობის გაუქმებით, საპყრობილეს ბევრი ადამიანი დატოვებს

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ამნისტიითა და სასჯელის შეკრებითობის გაუქმებით, საპყრობილეს ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს.

ამასთან დაკავშირებით, სუბარმა დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულად ამნისტიას, მისი თქმით,  ამნისტია 700 - ზე მეტ პატიმარს შეეხება.

„ამნისტიაზე პარლამენტი მუშაობს და ვიცი, ამნისტია ძალიან მალე იქნება. ზუსტად არ ვიცი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა  სავარაუდოდ,  ეს გიორგობისთვის მოესწრება. რაც შეეხება,  ამნისტია შეეხება,  თუ არა დაახლოებით 700 პატიმარს, თუ უფრო მეტს ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. სავარაუდოდ,  ეს უფრო მეტ პატიმარს შეეხება ვიდრე 700-ს.

მთლიანობაში,  წლის ბოლომდე ძალიან ბევრი ადამიანი გათავისუფლდება იმ პროცესით, რაც ჩვენ დავიწყეთ.  პირობით ვადამდელი გათავისუფლებით,  ამნისტიითა და ამას სასჯელთა შეკრებითობის გაუქმება  დაემატება. მთლიანობაში კი, ძალიან ბევრი ადამიანის გათავისუფლება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა სუბარმა.

სუბარის განმარტებით,  სასჯელის შეკრებითობის გაუქმება ავტომატურად არ ეხება ადამიანებს, არამედ, მისი თქმით, ეს მაშინ იმოქმედებს, როდესაც  კანონმდებლობაში შეკრებითობის გაუქმების შესახებ ცვლილება  იქნება შეტანილი.

„ეს ეხება არა მხოლოდ მომავალში  დასანიშნ  სასამართლო პროცესებს არამედ,  წარსულსაც,  ოღონდ წარსულს, ინდივიდუალურად შეეხება.  ყველა იმ ადამიანს,  ვისაც  შეკრებითობით სასჯელის  ვადა აქვს გამოყვანილი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს  ექნება შესაძლებლობა გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გამოიტანოს. ამით ძალიან ბევრი პატიმარი გათავისუფლდება,  ხოლო ნაწილს,  არაადამიანური და არაბუნებრივი  სასჯელები შეუმცირდება“, - განაცხადა სუბარმა.