ნოდარ ხადური: მიმდინარე წლის ბიუჯეტში გადახარჯვა შეინიშნება

ნოდარ ხადური: მიმდინარე წლის ბიუჯეტში გადახარჯვა შეინიშნება

"ყოფილმა ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯა ისეთ პროექტებზე, რომელთა მიზნობრიობაც დასადგენია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გუშინ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამიტომ ხადური მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახარჯვაზე საუბრობს.

„დავალიანებები აქვს ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხებზე რეაგირება გვიწევს – უნდა შევისწავლოთ, რატომ და როგორ მოხდა კანონის დარღვევით ამ თანხების გამოყოფა", - აღნიშნა ხადურმა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტს, მინისტრის განმარტებით, სამინისტროების ბიუჯეტი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო პროექტს ამუშავებს.

„ჩვენ სამინისტროებთან კონსულტაციებს გავივლით და კვირის ბოლოსთვის ძირითადი მონახაზი გვექნება, თუმცა, ცხადია ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მას წლის ბოლომდე მივიღებთ", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება და ძირითადად არსებული პარამეტრები შენარჩუნდება.