პრემიერის კაბინეტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა რიგმა მინისტრებმა დატოვეს-მათი მოადგილეები შეთანხმებულია

პრემიერის კაბინეტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა რიგმა მინისტრებმა დატოვეს-მათი მოადგილეები შეთანხმებულია

დღეს, ახალი მთავრობის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი იყო ინიცირებული, როგორც ჟურნალისტებისთვის იყო ცნობილი, მინისტრებს დღესვე პრემიერ-მინისტრისთვის თავიანთი მოადგილეების კანდიდატურების ვინაობა უნდა გააცნოთ.

როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა თავდაცვის მინისტრმა  ირაკლი ალასანაიმ განაცხადა, მისი მოადგილეები უკვე შეთანხმებულია.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე შევათანხმეთ მთავრობის მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხები. უშუალოდ ჩემი მხრიდან შევათანხმეთ მოადგილეების კანდიდატურები და ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება მთავრობის სხდომაზე გაიგებს“, - განაცხადა  ალასანიამ.

საკუთარი ორი მოადგილე დაასახელა შეხვედრიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით,  მისი მოადგილეების თანამდებობებს ადვოკატები ალექსანდრე ბარამიძე და დავით ჯანდიერი დაიკავებენ.

„მათ მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს და შესაბამის გადაწყვეტილებას პრემიერი ხელს სავარაუდოდ დღეს მოაწერს“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეხვედრიდან გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც.

მან თავისი სამი მოადგილის ვინაობა დაასახელა. მისი მოადგილეები  ქეთევან ნატრიაშვილი, თამარ სანიკიძე და დავით ზურაბიშვილი იქნებიან.

რაც შეეხება მეოთხე მოადგილეს, მისი ვინაობა მალე გახდება ცნობილი. 
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა სოფლებში სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

 პრემიერის კაბინეტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა უკვე დატოვა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვა, ვისი კანდიდატურები განიხილება მისი მოადგილეების თანამდებობებზე და არის თუ არა საუბარი ლევან იზორიას კანდიდატურაზე, ღარიბაშვილმა უკომენტაროდ დატოვა.

შესაბამისად, ის სახელმწიფო კანცელარიის ტერიტორიიდან გავიდა ისე,  რომ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.