ელისო კილაძემ ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ფარული ვიდეო-მასალა გაავრცელა

ელისო კილაძემ ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ფარული ვიდეო-მასალა გაავრცელა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს" თავმჯდომარემ, ელისო კილაძემ ჟურნალისტებს ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული ფარული ვიდეო-მასალა წარუდგინა.

ფარულ ვიდეოჩანაწერში კუდ-ის ინფორმატორი აღიარებს, რა დავალება ჰქონდა მიღებული „სახალხო კრებასთან" დაკავშირებით, როგორ ევალებოდა ფარული ჩაწერები „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" ოფისებში.

კილაძე აცხადებს, რომ ბედუკაძემ ეს ჩანაწერები გიორგი ლომიას იმიტომ გადასცა, რომ იგი ფიქრობდა, ნამდვილად ნინო ბურჯანაძის „პიარშიკი" იყო და სთხოვა ეს ჩანაწერები ბურჯანაძისთვის გადაეცა.

„გიორგი ლომია, რომელიც „წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია, ციხის კადრების გადაღების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა. ლომია სინამდვილეში თაღლითობისთვის გლდანის ციხის პატიმარი იყო და ორი წელი იხდიდა სასჯელს. იგი 2011 წელს გათავისუფლდა. გლდანის ციხეში ყოფნისას ის მუდმივად აცხადებდა, რომ ნინო ბურჯანაძის „პიარშიკი" იყო. სწორედ ამიტომ გადასცეს მას ეს კადრები, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ჩანაწერები ლომიას ბურჯანაძისთვის არ მიუტანია", - აღნიშნა ელისო კილაძემ.

ამასთან კილაძეს მიაჩნია, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მისი თქმით, საქმე უკანონო ფარულ გადაღებას, მიყურადებას და ა.შ ეხება, ამიტომ კილაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ფარული ჩანაწერები გენერალურ პროკურატურას გადასცეს.

„მზად ვარ პროკურატურასთან ვითანამშრომლო. ფარულ ჩანაწერებს გენერალურ პროკურატურას გადავცემ იმისათვის, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს და გაირკვეს, ვისი დავალებით ასრულებდა ეს პერსონა ფარულ ჩანაწერებს.“, - აღნიშნა კილაძემ.

რაც შეეხება, თავად კადრებს კილაძემ ფარული ჩანაწერები მედიის წარმომადგენლებს დღეს არ გადასცა. მიზეზად კი ტექნიკური პრობლემები დაასახელა.