თეა წულუკიანი: კონსტიტუციაში შესატანი ერთ-ერთი პირველი ცვლილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა იქნება

თეა წულუკიანი: კონსტიტუციაში შესატანი ერთ-ერთი პირველი ცვლილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა იქნება

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ერთ-ერთი პირველ ცვლილებად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა განიხილება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ხელისუფლების ქუთაისში გადატანა და შესაბამისად, მისი თანამშრომლების თანამედროვე ფორმით ქუთაისში გადასახლება სრულიად მოუმზადებელი ფორმით განხორციელდა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, შესაძლოა ქუთაისს უპირატესობა მხოლოდ საუნივერსიტეტო ქალაქის კუთხით მიენიჭოს.

„საკანონმდებლო ხელისუფლების ქუთაისში გადატანა და შესაბამისად, მისი თანამშრომლების თანამედროვე ფორმით ქუთაისში გადასახლება მოხდა. ეს ყველაფერი სრულიად მოუმზადებელი იყო. ისინი ქუთაისში ისე ჩავიდნენ, რომ ნორმალური საცხოვრებელი ადგილებიც ვერ მოიძებნეს. კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება შესასწორებელია ან დამატებაა შესატანი და ერთ-ერთი პირველი თემა, რაც ახლა მახსენდება, პარლამენტის თბილისში გადმოტანას შეეხება. ქუთაისი არის საქართველოს გული, მას უპირატესობა საუნივერსიტეტო ქალაქის კუთხით უნდა მიენიჭოს, თუმცა საკანონმდებლო ხელისუფლებამ და მთავრობამ დედაქალაქში უნდა იმუშაოს", - განაცხადა წულუკიანმა.