იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე უარს აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე უარს აცხადებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტის აუდიტის სამსახურის და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ხელისუფლების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ენერგეტიკის და სხვა სამინისტროების კომპიუტერების ქსელებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, რაც მისი განმარტებით, ზურაბ ადეიშვილის მემკვიდრეობაა.

წულუკიანი აცხადებს, რომ ამას იუსტიციის სამინისტროს მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრები ახორციელებენ.

"ისინი როგორც ჩვენს უწყებას, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვა ინსტიტუტებს ძალიან მაღალ მომსახურებას უწევენ. მაგრამ ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების სერვერების და კომპიუტერული ქსელების მართვა. რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ უწყების შტო აკონტროლებდეს სხვა ხელისუფლების შტოს ან შტოებს. ამიტომ მე საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი, უარს ვამბობ პარლამენტის, აუდიტის სამსახურის და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა აცხადებს, რომ საკითხი შესაბამის გუნდთან არის შეთანხმებული.

რაც შეეხება აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, მინისტრი აცხადებს, რომ ეს შესაძლოა დროში გაიწელოს, რადგან მისი პრაქტიკაში გატარება არც ისე მარტივია.

"ინფორმაციული ტექნოლოგიების გადაწყობას ზოგადად დიდი დრო სჭირდება. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ახალი ადამიანების რესურსების მოძიებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსებთან. ამიტომ შესაძლოა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დროში გაიწელოს", - დასძინა წულუკიანმა.