გაღიზიანებული საზოგადოება და „ცეკვავენ ვარსკვლავების“  ბოდიში (VIDEO)

გაღიზიანებული საზოგადოება და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოდიში (VIDEO)

სატელევიზიო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 22 ოქტომბრის გადაცემის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, პროექტის ადმინისტრაცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება, ისინი ბოდიშს უხდან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, მათ მშობლებსა და ოჯახის წევრებს, ასევე,  კავშირს – „ჩვენი ბავშვები“.

„გვერწმუნეთ, გადაცემაში გაკეთებული კომენტარების მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძეს კომენტარების გამო და გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის ინციდენტი აღარ განმეორდეს!" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქმე ეხება პროექტში მონაწილე წყვილის: მომღერალ თაკო გაჩეჩილაძისა და გიგი გაჩეჩილაძის მიერ „სამბას“ სუსტი შესრულების შემდეგ გამოთქმულ რეპლიკას - „დაუნ რობოტებს“.  გაჩეჩილაძეების გამოსვლას  ჟიურიმ უემოციობა დაუწუნა, თავად მოცეკვავეებმა კი, თავიანთი ცეკვა „დაუნი რობოტების“ ცეკვას შეადარეს.

ეს რეპლიკა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ია ფარულავამ აიტაცა და წყვილის შეფასებისას ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

აღნიშნულ საკითხს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი – „ჩვენი ბავშვები“ განცხადებით გამოეხმაურა. ისინი  თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავასგან ბოდიშის მოხდას, იმავე გადაცემის ფორმატის ფარგლებში, ითხოვენ.

„ამ ორ ადამიანს, როგორც საჯარო ფიგურებს, უნდა ესმოდეთ, რომ გადაცემას „ცეკვავენ ვარსკვლავები“  მრავალრიცხოვან აუდიტორიასთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ადამიანი და მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ და რომ ამგვარი გამონათქვამები ყველა მათგანისათვის შეურაცხმყოფელია.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი მოუწოდებს თაკო გაჩეჩლაძესა და ია ფარულავას, გაეცნონ ძალიან ადვილად ხელმისაწვდომ საბაზისო ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ და გაუზიარონ ეს ინფორმაცია თავიანთ კოლეგებსაც, მომავალში ამგვარი უხერხული სიტუაციებისაგან თავის არიდების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.