გოკა გაბაშვილი: ახალი სამთვრობო პროგრამა არის სრული ფორმალობა, რომელიც გამოხშირულია შინაარსისგან

გოკა გაბაშვილი: ახალი სამთვრობო პროგრამა არის სრული ფორმალობა, რომელიც გამოხშირულია შინაარსისგან

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეალურად მხოლოდ ფორმალობაა, რომელსაც თავად შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატები არ ეთანხმებიან.

ამის შესახებ გაბაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის საგნობრივი და კომპეტენტური ოპონირება.

გაბაშვილის განმარტებით, უსამართლო იქნება თუ კი მთავრობას, რომელიც ჯერ არც დამტკიცებულა რაიმე სახის დაპირებისა და არ დაპირების შესრულებაზე ესაუბრებიან.

„დაველოდოთ და შევხედოთ. ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, რადგან მათ უამრავი დაპირება გასცეს სხვადასხვა სფეროებში და ვერანაირი წინასწარი პროგნოზირება თუ როგორ მოიქცევიან, ჩვენ არ შეგვიძლია“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მათ მოისმინეს რამდენიმე განსხვავებული მიდგომა უმრავლესობისგან იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი, როგორც უმრავლესობისა და მთავრობის პოლიტიკა.

მიუხედავად ამისა, გაბაშვილის თქმით, ამ დოკუმენტში არ არის არანაირი დაპირება და არანაირი  კონკრეტიკა.

„ის ყველანაირად არის გამოხშირული შინაარსისგან. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ყველაზე კარგად პოზიცია ჩამოაყალიბა თეა წულუკიანმა კომიტეტში  განხილვის დროს, როცა მას კონკრეტული რაღაც კითხეს დოკუმენტიდან, მან კი პასუხად თქვა, რომ „პასუხი იმისთვის უნდა მოგვეთხოვა, ვინაც ეს დოკუმენტი ლამაზი თითებით დაბეჭდაო“. ანუ ის დოკუმენტის ძალიან ფუძემდებლურ ნაწილს არ ეთანხმება. იგივე პოზიცია გამოხატა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმაც. გამოდის, რომ ეს დოკუმენტი არის სრული ფორმალობა, ის არ არის ის პროგრამა, რომელზედაც ეს მთავრობა იქნება ორიენტირებული. ხოლო რა იქნება მათი პროგრამა და რეალური პოლიტიკა ჩვენ არ ვიცით.“, - განაცხადა გაბაშვილმა.