პავლე კუბლაშვილი: პრეზიდენტმა წარმოადგინა მთავრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ოპონირებაზე

პავლე კუბლაშვილი: პრეზიდენტმა წარმოადგინა მთავრობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ოპონირებაზე

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი უმრავლესობის წარმომადგენლის მხრიდან,  პარლამენტის დღევანდელ  პლენარულ სხდომაზე გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმცირესობის წარმომადგენლები ჩასაფრებულ პოზიციაში არ არიან.

„მინდა ბატონ ზურაბ ტყემალაძეს და ქალბატონ ეკა ბესელიას ვუპასუხო. ქალბატონო ეკა, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და იმ შედეგს, რაც არჩევნების შემდეგ დადგა. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია არჩევნებში გამარჯვებული ძალის წარმომადგენლებით,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ოპონირებაზე ან არ მივიღოთ მონაწილეობა საკითხების განხილვაში. ჩვენი მიზანი არაა ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ უმრავლესობამ განიხილოს ესა თუ ის საკითხი. ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში, პირიქით ჩვენ შევეცდებით ვიყოთ კონსტრუქციული ოპოზიცია“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ  მისთვის გაუგებარია უმრავლესობის წევრთა კრიტიკული შეფასებები, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

„ჩვენ გუშინ დავსვით კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ დაპირებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო პერიოდში იქნა გაცემული და ვთქვით, არსებობს თუ არა ვადები როდის მოხდება ამ დაპირებების შესრულება. სამწუხაროდ, არც ერთ მიმართულებაზე არც ერთი კონკრეტულ თარიღი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს და გაწერს თავის პროგრამას დროში“, - განაცხადა კუბლაშვილმა.