თინა ხიდაშელი: 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ისეთი ქვეყნის შენება, რომელსაც თქვენ 9 წელი ებრძოდით

თინა ხიდაშელი: 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ისეთი ქვეყნის შენება, რომელსაც თქვენ 9 წელი ებრძოდით

დეპუტატმა, თინა ხიდაშელმა საპარლამენტო უმცირესობას ახალი სამთავრობო პროგრამის მიმართ გამოხატული ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ის შეკითვები, რომელსაც სვამენ ოპოზიციონერები იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო პროგრამით დაინტერესდნენ და სრულად გაეცნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მათ 9 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ.

„პარლამენტის წევრები, რომელთაგან ბევრს პარლამენტში მუშაობის 9 წელზე მეტი სტაჯი აქვს, ეხლა სწავლობს რას ნიშნავს პარლამენტარიზმი და ეს კარგია. რაც მოხდა პირველ ოქტომბერს, როგორც ჩანს, პირველი შედეგები სახეზე გვაქვს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა ასევე დეპუტატს, სოსო ცისკარიშვილს. მისი თქმით, ერთადერთი რაც მან საარჩევნო პროცესს და საარჩევნო ძალადობას „დააკლო“ ეს ტყვიის გასროლა იყო. მისი თქმით, ამის გარდა, მან ყველა ძალა და ხერხი გამოიყენა რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. 

დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს მათი მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებსა და მუქარებთან დაკავშირებით.

„მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ მარტო ხელისუფლება კი არ შეიცვალა, საქართველოში შეიცვალა ლექსიკონიც, დღის წესრიგიც, შეიცვალა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც, შეიცვალა ტერმინოლოგია, რომლითაც თქვენ ქვეყანას მართავდით მთელი 9 წლის განმავლობაში და ის აღარ არსებობს. 1 ოქტომბერს ამ ტერმინებს ძალადობას, შანტაჟს, მუქარას დევნას, ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ისეთი ქვეყნის შენება, რომელსაც თქვენ 9 წელი ებრძოდით. ეს არის ადამიანის ღირსებაზე, პატივისცემაზე, თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო“, - აცხადებს ხიდაშელი.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დაწყებული საპროტესტო ტალღა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქართელოში თავისუფლების სიომ დაუბერა.

„ის ბორკილები, რომელიც თქვენ ხალხს დაადეთ, აღარ არსებობს. ადამიანები თავისუფლდებიან ამ ბორკილებისგან. ამიტომ გამოდიან ქუჩაში მაღაროელები, რკინიგზელები და კიდევ ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. იმიტომ რომ მათ ამის შანის მიეცათ და მათ ამ შანსს გამოიყენებენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელი ასევე ბაჩო და დათა ახალაიების ქვეყნიდან წასვლასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ქვეყანაში მომხდარი არაერთი დანაშაული, სწორედ ახალაიებს აქვს ჩადენილი და აღნიშნა, რომ მათ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისგება მოუწევთ.

„მაღალი ლეგიტიმური ეჭები და საზოგადოებაში ღრმად დაბუდებული რწმენა არსებობს, რომ ეს სახელები ქვია იმ ქმედებებს და დანაშაულებებს, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდებოდა. მათ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისგება მოუწევთ. შეიძლება ეს თქვენ ჩათვალოთ ზეწოლად მაგრამ ჩვენ ამას კანონის წინაშე თანასწორობას და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობას ვარქმევთ“, - განაცხადა ხიდაშელმა.