ბიძინა ივანიშვილი:  გზას გავუხსნით სახალხო დიპლომატიას, ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ბიზნეს პროექტებს

ბიძინა ივანიშვილი: გზას გავუხსნით სახალხო დიპლომატიას, ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ბიზნეს პროექტებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის საგარეო პოლიტიკური მიმართულების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კონფლიქტების მოგვარების საკითხია.

ამის შესახებ, ივანიშვილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

„კონფლიქტების მოგვარების საკითხი მთავრობის საგარეო პოლიტიკური მიმართულების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენ გზას გავუხსნით სახალხო დიპლომატიას, ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ბიზნეს პროექტებს.

წახალისდება ოჯახური,  ნათესაური და პირადი ურთიერთობები,  რომელსაც ინარჩუნებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მნიშვნელოვნად გაფართოვდება არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა,  რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა პოლიტიკური ექსპერტების დიალოგს ბიზნესმენების, ჟურნალისტების,  ფერმერების,  ეკოლოგების, მედიცინის მუშაკების, სტუდენტებისა და სხვა ინტერსთა ჯგუფის შექმნას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას შეიმუშავებს.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ  ჩამოყალიბდება მართვის კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები შესაბამისი კონკრეტული ფუნქციებითა და მოვალეობებით, ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობას ფართო პოლიტიკური სპექტრი მიიღებს.

„მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას შეიმუშავებს და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას დასავლური სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად წარმართავს. დაიხვეწება სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი. სავალდებულო გახდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტისთვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის ფინანსურ საკითხებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა თავდაცვის სამინისტროს სრული დეპოლიტიზირება“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება.