ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 3-4 წელიწადში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ოჯახის რჩენას შეძლებს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 3-4 წელიწადში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ოჯახის რჩენას შეძლებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 3-4 წელიწადში პრინციპული გარდატეხა მოხდება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საშუალება ექნება ოჯახი არჩინოს.

„ინვესტორებს შევუქმნით მაქსიმალურ პირობებს, რომ საქართველოში ეკონომიკური აღორძინება დაიწყოს. ეს იქნება ჩვენი ყველა დაპირების შესრულების საფუძველი. სამუშაო ადგილი ყველა ოჯახს დასაწყისშივე ვერ ექნება, მაგრამ შეიქმნება პირობები, რომ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, საკუთარი ოჯახი არჩინოს. იმედი მაქვს 3-4 წელიწადში პრინციპული გარდატეხა მოხდება და მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებული იქნება, ასევე მოხდება ემიგრანტების დაბრუნება. სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, ტემპები საინტერესო და სწრაფი იქნება“,-განაცხადა ივანიშვილმა.

ეს პასუხი კოალიციის ლიდერმა უმცირესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის შეკითხვას გასცა, რომელიც დაინტერესდა, რა რაოდენობის სამუშაო ადგილს შექმნიდა ივანიშვილი, 2-3 წელიწადში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკის განვითარების ზრდასა და ინვესტიციების შემოდინებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოახერხებს საქართველოში უმუშევრობის პრობლემის დაძლევას.

„არ გამოვრიცხავ, ძალიან სწრაფად დაიწყოს ინვესტიციებისგანხორციელება საქართველოში. თუმცა ჯერ კითხვები არსებობს ჩვენს ეკონომიკურ სტაბილურობასთან, კონსტიტუციასთან, ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით - როგორც მოვახერხებთ ოპოზიციასა და პრეზიდენტთან კომუნიკაციას. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რათა ის ელიტური კორუფცია, რომელიც ყვაოდა ხელისუფლებაში, ამოვკვეთოთ. ვერც ერთმა ჩინოვნიკმა ვერ უნდა შეძლოს კერძო საკუთრებაში უკანონოდ ჩარევა. არ ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ კანონებს დიდი ცვლილება დასჭირდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას არ გამოვრიცხავთ. დავიცავთ კანონებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს საიმედო კერძო საკუთრებისთვის",- განაცხადა ივანიშვილმა.