„სახალხო ბანკის“ ყოფილი აქციონერები ბანკის აქციების დასაბრუნებლად სამართლებრივი მეთოდებით  ბრძოლას აპირებენ

„სახალხო ბანკის“ ყოფილი აქციონერები ბანკის აქციების დასაბრუნებლად სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას აპირებენ

 "სახალხო ბანკის“ ყოფილი აქციონერები ბანკის აქციების დასაბრუნებლად,  სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას აპირებენ.

აღნიშნულის შესახებ, „სახალხო ბანკის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა განცხადება გაავრცელეს.

განცხადების თანახმად, მათთვის მოულოდნელი იყო ვლადიმერ გურგენიძის ასეთი ხამამაღალი განცხადება, რომ „პრობლემა არ არსებობს და არარსებულ პრობლემაზე საუბარი საჭირო არ არის“.

„გარწმუნებთ,  პრობლემები ნამდვილად არსებობს და მთავარი პრობლემა არის ის,  რომ ჩვენ ქონება დანაშაულის გზით წაგვართვეს“, - აცხადებენ აქციონერები.

„სახალხო ბანკის“ ყოფილი აქციონერების  განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ, „სახალხო ბანკის“ ყოფილი აქციონრები/მესაკუთრეები ირინა ჯინჭარაძე, ელენა კოვალენკო, გოგი ბურჭულაძე და კომპანია „სტარკოუდ რესოურსი“, „ლიბერთი ბანკის“,  ანუ ყოფილი „სახალხო ბანკის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის ვლადიმერ გურგენიძის, 22 ოქტომბრის განცხადების პასუხად საჯაროდ ვაცხადებთ,  რომ  „სახალო ბანკის“ ჩვენს ხელთ არსებული აქციები (საკონტროლო პაკეტი) ძალადობრივი გზით და ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გასხვისდა, რის შედეგადაც „სახალხო ბანკი“ აღმოჩნდა უკანონო „მესაკუთრის“ ხელში.

 ამ ვითომდა „ნასყიდობის“ ფორმით შენიღბული გარიგების შესახებ,  ვფიქრობთ, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა დონეზე აქამდეც ცნობილი იყო ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის მოულოდნელი იყო ვლადიმერ გურგენიძის ასეთი ხამამაღალი განცხადება, რომ „პრობლემა არ არსებობს და არარსებულ პრობლემაზე საუბარი საჭირო არ არის“. გარწმუნებთ,  პრობლემები ნამდვილად არსებობს და მთავარი პრობლემა არის ის,  რომ ჩვენ ქონება დანაშაულის გზით წაგვართვეს. კანონიერი მესაკუთრეებისათვის ქონების იძულებით წართმევის დროს განხორციელებული ქმედებების კვალი ყოველთვის სათანადოდ ვერ იფარება და წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული საყოველთაოდ ცნობილი პრაქტიკის თანახმად, ხშირად შავით თეთრზეც იკითხება ხოლმე.

ამ განცხადებით გვსურს, საჯარო გავხადოთ ჩვენი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ და ვიდავოთ ყველა სამართლებრივი გზით ჩვენი კანონიერი უფლებების აღდგენისა და „სახალხო ბანკის“ აქციების დაბრუნებისთვის, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი გზით. უახლოეს მომავალში პროკურატურას წარვუდგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად,  რომ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზებით, აშკარად თუ ფარულად, ჩართული იყვნენ კონკრეტული მაღალი საჯარო და არასაჯარო თანამდებობის პირები ჩვენი ქონების დასაკუთრების მიზნით.

გამოვთქვამთ დიდ იმედს,  რომ მოვიდა დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება ამ და სხვა ამგვარი ქმედებების გამოაშკარავება და დიდი ხნის ნანატრი სამართლიანობის აღდგენა. ამავე განცხადებით, ამავდროულად მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს და მთავარი პროკურორის კანდიდატს არჩილ კბილაშვილს,  მათი თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განიხილონ ჩვენი წინამდებარე განცხადება,  როგორ ცნობა, ინფორმაცია,  შეტყობინება ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ლიბერთი ბანკის“  გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ 22 ოქტომბერს განაცხადა,  რომ გიორგი გოგუაძის განცხადება,  რომ მას დაეკონტაქტა „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობა,  ეროვნულ ბანკთან ერთად და „პრობლემების“ მოგვარება მოლაპარაკების გზით შესთავაზეს,  სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით,  არც ის და არც ბანკის მენეჯმენტიდან არავინ დაკავშირებია გიორგი გოგუაძეს და არც „არაფერი შეუთვლიათ მისთვის“.

„მე მასთან არ დამირეკავს და არც ვაპირებ დარეკვას ერთი მარტივი მიზეზით - არ არსებობს არანაირი „პრობლემა“,  რომელიც მოლაპარაკების გზით გადაჭრას საჭიროებს და არარსებულ პრობლემაზე საუბარი საჭირო არ არის“,  - განაცხადა გურგენიძემ.

გურგენიძე  განმარტავს, რომ  „სახალხო ბანკის“ სხვა ყოფილ აქციონერებს არც იცნობს და ბანკი სულ სხვა ადამიანებისგან შეიძინა.