ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობაზე ზეწოლას არ ადასტურებს

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობაზე ზეწოლას არ ადასტურებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლას არ ადასტურებს და კატეგორიულად უარყოფს.

ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცრუობენ.

"ისინი ცრუობენ და მათ ტყუილი უკვე ჩვევებში აქვთ. იქნებ ტყუილს თავი დაანებონ, რადგან ზეწოლა არავისზე ხორციელდება" - განაცხადა ივანიშვილმა.

ამის საპასუხოდ განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით , " ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და მაჟორიტარ დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტები არსებობს და ეს მხოლოდ განცხადებები არ არის".

მისი თქმით, აქ საქმე არის არა იმაში, ვინ რას განაცხადებს ზეპირად, არამედ ფაქტებში. ბაქრაძე აცხადებს, რომ გუშინდელ ბრიფინგზე წარმოდგენილი იყო ფაქტების ნაწილი, მომავალ დღეებში კი წარმოდგენილი იქნება ზეწოლის სხვა ფაქტებიც.

"ამიტომ მოდით, ვისაუბროთ ფაქტებზე და არა პიროვნულ შეფასებებზე ვინ ცრუობს და ვინ არ ცრუობს. ბედნიერი ვიქნები თუ არ იქნება ფაქტები, რომ მიმდინარეობს ზეწოლა ჩვენს აქტივისტებსა და მაჟორიტარ დეპუტატებზე. მე გაძლევთ პირობას, რომ ასეთ ზეწოლის არარსებობის პირობებში, არცერთი განცხადება ჩვენი მხრიდან არ გაკეთდება, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები და სანამ ეს ფაქტები იარსებებს, საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.