ირაკლი მელაშვილი: ახალ ხელისუფლებას იგივე არ უნდა დაემართოს რაც წინა ხელისუფლებას, როცა ყველა პრობლემის თბილისიდან გადაწყვეტას ცდილობდა

ირაკლი მელაშვილი: ახალ ხელისუფლებას იგივე არ უნდა დაემართოს რაც წინა ხელისუფლებას, როცა ყველა პრობლემის თბილისიდან გადაწყვეტას ცდილობდა

კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის"  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს თვითმმართველობის რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე მოუწოდებენ.

როგორც კოალიციის წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი From.ge -სთან საუბარში აცხადებს, ეხლა მთავარია ახალ ხელისუფლებასაც არ დაემართოს იგივე, რაც წინა ხელისუფლებას დაემართა, როცა ცდილობდა ყველა პრობლემა თბილისიდან გადაეწყვიტა.

მელაშვილს მიაჩნია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თვითმმართველობის მიმართულებით, ფაქტიურად მაინც საბჭოური სისტემა შეინარჩუნა.

"თუ კი ცივილიზებულ სახელმწიფოებს მივადევნებთ თვალ-ყურს , დავინახავთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია წამოვიდა თვითმმართველი პარტიებიდან", - აღნიშნა მელაშვილმა .

ამიტომ ისინი ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, თვითმართველობის რეფორმის განხორციელებაზე დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა, რომელმაც მელაშვილის თქმით, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ასევე ადგილებზე შესაბამისი უფლებამოსილებისა და ფინანსების განკარგვა .

"ქვეყანაში ბევრი რეფორმაა გასატარებელი, მაგრამ უმთავრესი ინსტიტუციური რეფორმა , რომელიც გასატარებელია, ეს არის თვითმმართველობა, რომლის გარეშეც არ არსებობს არც სამოქალაქო საზოგადოება და არც დემოკრატია. მიგვაჩნია, რომ 2014 წლამდე დარჩენილი პერიოდი კარგად უნდა იქნეს გამოყენებული. აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმა ისე არ გავატაროთ, როგორც წინათ, როცა მმართველი ხელისუფლება თვითმართველობის არჩევნების წელს იწყებდა ამ საკითხზე ლაპარაკს, შემდეგ კი ვღებულობდით პასუხს: "ხომ იცით, ამ რეფორმის გატარება, ამ დროში ვეღარ მოესწრება". მერე კი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებდით", - განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი 2 წელი მეტად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ დრომდე ხელისუფლების მიერ დროში გაწერილი და გეგმაზომიერი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც მელაშვილის აზრით, აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს.

"წელს ამ მიმართულებით რაღაც კონტურები მაინც ჩამოყალიბდეს. 2013 წელს მთლიანად ჩამოყალიბდეს კანონპროექტების კონცეფცია. ამის შედეგად, 2014 წლამდე გვექნება საშუალება მოვსინჯოთ რამდენიმე ძირითადი პრინციპები. ბოლოს კი 2014 წელს არჩევნების შემდეგ, ისინი გავატაროთ პრაქტიკაში", - განმარტავს მელაშვილი.

 მიმართვის ტექსტს, რომლითაც დღეს "არჩევნის თავისუფლებისთვის" ახალ ხელისუფლებას მიმართავს, ხელს აწერს თვითმმართველობის კონცეფციის რამდენიმე ავტორი, 30 -მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ, ასევე როგორც თბილისის ასევე რეგიონების ექსპერტები და მედიასაშუალებებები .