ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

როგორც გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, ილია მეორემ პრეზიდენტს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა. პატრიარქმა პრეზიდენტს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრობიდან მისი გათავისუფლება სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გვიან ღამით გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

"მოვითხოვ იმ ე.წ ჩანაწერების გადახედვასაც, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება და რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩატარებულა, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება", - აღნიშნა გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.