გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება და ოპოზიცია  კონსტრუქციულობის სიმბოლოებად გადაიქცნენ

გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება და ოპოზიცია კონსტრუქციულობის სიმბოლოებად გადაიქცნენ

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება და ოპოზიცია კონსტრუქციულობის სიმბოლოებად გადაიქცნენ.

ახვლედიანი მათ კონსტრუქციულობას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ნამეტანი კონსტრუქციულობაც არაა კარგი.

"ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ, კონსტრუქციულობას მიუღებლად მიიჩნევდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დალაპარაკებას სამშობლოს ღალატად აღიქვამდნენ, დღეს კონსტრუქციულობის სიმბოლოები არიან, რის გამოც ოთხი წლის განმავლობაში, "ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას" ბოძზე აცვამდნენ , როგორ ბედავს და ქართულ რეალობაში კონსტრუქციულ რეალობას როგორ ამკვიდრებსო . ძალიან კარგი, ადრე თუ გვიან, ეს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა , მაგრამ ნამეტანი კონსტრუქციულობაც არაა კარგი. გასაგებია, რომ ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა "ქართული ოცნებიდან" 27 დეპუტატი ხმას ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერს აძლევს, ხოლო თავის მხრივ,

"ნაც. მოძრაობის" წარმომადგენლებიდან იკვეთება ადამიანების კონტინენტი , რომლებიც ხმას აძლევენ "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებს, ასეთი კონსტრუქციულობაც არაა კარგი", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე უზარმაზარი ვალდებულება აქვს აღებული და აღნიშნავს, რომ მთავარია რეალურად განისაზღვროს, თუ რამდენად შეძლებს დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოების იმ მოლოდინების ადეკვატური იყოს, რა მოლოდინებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააჩინა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები წარმომიდგენია, თუნდაც იგივე უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში უნდა დაევიწყებინათ დანაშაულებები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. დარწმუნებული ვარ, დღეს ყოფილ ხელისუფლებაში მყოფი ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება. ამ თვალსაზრისით, მოდუნებას არავის ვურჩევ", - განაცხადა ახვლედიანმა.