ბარამიძე უმრავლესობას მოუწოდებს,

ბარამიძე უმრავლესობას მოუწოდებს, "საზღვრის" ნაცვლად - "ოკუპაციის ხაზი", "კონფლიქტების" მაგივრად კი -"ოკუპაცია" გამოიყენოს

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს, ტერმინ „საზღვრის" ნაცვლად -  „ოკუპაციის ხაზი", „კონფლიქტების" მაგივრად კი - „ოკუპაცია" გამოიყენოს.

აღნიშნული თხოვნით უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ „ქართული ოცნების" წევრებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თამაზ ჯაფარიძემ საკუთარი განცხადების დროს ტერმინი "კონფლიქტური ზონა" ახსენა.

მისი თქმით, ის განცხადებები, რომელსაც მინისტრობის კანდიდატები ახლა აკეთებენ, მთავრობის მიერ პარლამენტში შემოტანილი პროგრამისგან განსხვავდება.

ახალი მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ პროგრამაში "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" საუბარია კონფლიქტების მოგვარებაზე, მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ერთი კონფლიქტი რუსეთთან, ასევე არ არის გამოყენებული ტერმინი "ოკუპაცია" და რუსეთთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ "არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის დამუშავება მოხდება".

მისივე განმარტებით, ტერმინ „ოკუპაციის" ხშირად გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ კუთხით უმცირესობის წევრებმა კოალიცია "ქართული ოცნება" იმ კონტექსტში გააკრიტიკეს, რომ მათ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული ტერმინი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები.

„სიტყვა ოკუპაცია" უფრო ზუსტი ტერმინია, "კრიზისი" კი ბევრ დეტალს შეიძლება, მოიცავდეს. ის საბაბი, რომ რუსეთი  არ გავაღიზიანოთ, რადგან მასთან მოლაპარაკება გვინდა, გამართლებული არ არის და იმისთვის, რომ ავადმყოფობას უმკურნალო, ზუსტი დიაგნოზის დასმაა საჭირო და შესაბამისად, დავის საგანს, ანუ ოკუპაციას, ახალი ხელისუფლება ვერ გაექცევა“, - აღნიშნა ბარამიძემ.