პავლე კუბლაშვილი: დავით დარახველიძესთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს

პავლე კუბლაშვილი: დავით დარახველიძესთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს

საპარლამენტო უმცირესობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატურასთან დავით დარახველიძესთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის პალიკო კუბალშვილის განცხადებით, უმცირესობა მთავრობას მხარს არ დაუჭერს, თუმცა აღნიშნა, რომ კანდიდატურების განხილვაში ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

მისი  განმარტებით, მათ შეკითხვები ექნებათ კონკრეტულ ხედვებთან დაკავშირებით და არა კონკრეტული პერსონალიების მიმართ, თუმცა მისი თქმით, არსებობს გამონაკლისებიც და  აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მათ კითხვები დავით დარახველიძესთან დაკავშირებით ექნებათ.

„საპარლამენტო ოპოზიცია როგორც წესი, არ უჭერს მხარს მთავრობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას განხილვებში. ჩვენი მონაწილეობა იქნება დაფუძნებული შესაბამის კონსტრუქციულ შინაარსიან ოპონირებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვექნება კითხვები კონკრეტულ ხედვებთან დაკავშირებით და არა კონკრეტული პერსონალიების მიმართ. თუმცა არსებობს გამონაკლისები, გარკვეული აზრი უკვე ახლა ჩამოყალიბებულია, ეს შეეხება პირველ რიგში, დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატს, რომლის მიმართაც ჩვენ და საზოგადოებასაც კითხვები გვაქვს და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ აზრს დავაფიქსირებთ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ მიმართ ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც გავიგებთ მათ ხედვებს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ამასთანავე, მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობას კითხვები ექნება პრემიერ-მინისტობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთანაც და ეს ძირითადად ეკონომიკას და სოციალურ საკითხებს შეეხება.