„თელასიდან

„თელასიდან" გათავისუფლებული თანამშრომელი თელასის კომერციულ დირექტორს ზურაბ არსოშვილს უჩივის

სააქციო საზოგადოება „თელასიდან" გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ტივაძე თელასის კომერციულ დირექტორს ზურაბ არსოშვილს უჩივის. შესაბამის შინაარსის საჩივარი ტივაძემ დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

როგორც ნინო ტივაძე აცხადებს, ზურაბ არსოშვილმა "თელასის" თანამშრომლებს ცილი დასწამა და კორუმპირებულობა დააბრალა.

მისი თქმით, ის შეურაცხყოფილია არსოშვილის ცილისმწამებლური განცხადებით და მისგან პასუხს მოითხოვს, თუ რატომ უწოდა არსოშვილმა ყოფილ თანამშრომლებს კორუმპირებულები.

„პარასკევს ზურაბ არსოშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ 125 ადამიანი ვყოფილვართ კორუმპირებულები. მოვითხოვთ, პროკურატურამ გაარკვიოს ამ სიტყვების მართებულობა, ან არსოშვილმა აგოს პასუხი", - განაცხადა ნინო ტივაძემ.

ტივაძე ასევე მოითხოვს, პროკურატურამ გაარკვიოს „თელასიდან" 125 ადამიანის გათავისუფლების კანონიერების საკითხი.

მთავარ პროკურატურასთან დღეს ნინო ტივაძესთან ერთად „თელასიდან" გათავისუფლებული სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა განცხადებას ხელი მხოლოდ ნინო ტივაძემ მოაწერა.