შტეფან ფულე: მივესალმებით ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების  პატრიოტიზმს და მოხარულები ვიქნებით, თუ ისინი ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ

შტეფან ფულე: მივესალმებით ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების პატრიოტიზმს და მოხარულები ვიქნებით, თუ ისინი ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ

საქართველოში ვიზიტად მყოფმა  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულემ სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგან შმიდტი ესწრებიან.

შტეფან ფულეს შეფასებით, საქართველოში სახელმწიფო ლიდერებმა მათი განსხვავებები უკან მოიტოვეს და ძალაუფლების გადაცემის პროცესი მსუბუქად წარიმართა.

„საქართველოში ქეთრინ ეშტონის თხოვნით ვიმყოფებით. მოხარული ვარ, რომ ასე მალე შედგა ჩვენი ვიზიტი,  მას შემდეგ რაც ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა საქართველოს არჩევნების საკითხი განიხილეს, რომელიც დემოკრატიულად ჩატარდა, მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს,  რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის. საქართველოში სახელმწიფო ლიდერებმა უკან მოიტოვეს მათი განსხვავებები და ძალაუფლების გადაცემის პროცესი მსუბუქად წარიმართა,  პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ივანიშვილმა დაივიწყეს განსხვავებები,  რათა ქვეყნის მთავარი ინტერესები წინ წამოეწიათ. მივესალმებით მათ პატრიოტიზმს და მოხარულები ვიქნებით, თუ ისინი ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტთანაც და ივანიშვილთანაც,  ასევე ვისაუბრეთ რამდენიმე მომავალ მინისტრთან“, - განაცხადა ფულემ.

მისივე თქმით, ისინი აფასებენ ახალი ხელისუფლების მზადყოფნას,  რომ ევროკავშირთან უწყვეტი ურთიერთობა იქნება შენარჩუნებული.

„უკანასკნელ წლებში საქართველომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია,  ეს ინტეგრაციის პროცესი უნდა განვითარდეს,  საქართველოს სურს, გააგრძელოს ევროკავშირის მიღწევების გაზიარება“,- განაცხადა ფულემ.