გიგა ბოკერია: ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტი დროული იყო

გიგა ბოკერია: ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტი დროული იყო

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტი დროული იყო.

ამის შესახებ მან აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის თაობაზე დისკუსია განახლდეს.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში შედგა. ყველამ იცის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი ტესტი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების. აქედან გამომდინარე, როგორც ერთ-ერთი ტესტი საქართველოს გზაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ახლა, როდესაც ეს ტესტი ჩავლილია და ყველა შეფასებით ჩავლილია ძალიან წარმატებით, მნიშვნელოვანია, რომ განახლდეს დისკუსია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის თაობაზე, განახლდეს სწრაფად და ამიტომ ეს ვიზიტი იყო ძალიან დროული“, - განაცხადა ბოკერიამ.

დღესვე, მან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ძალებს შეახსენა, რომ არჩევანი ნატო-ში გაწევრიანებისკენ არის ქართველი საზოგადოების არჩევანი, და არა ძველი ხელისუფლების, ძველი მთავრობის ან მომავალი მთავრობის, ან რომელიმე პოლიტიკოსის და იმედი გამოთქვა, რომ ამის გათვალისწინება მისი ოპონენტებისგანაც მოხდება.

„იმედი მაქვს, რომ ის გზავნილი, რაც ჯეიმს აპატურაიმ მიიღო ჩვენგან, გზავნილი იმის თაობაზე, რომ ეს კურსი არის ურყევი და უნდა შენარჩუნდეს, იგივე გზავნილს მიიღებს ის მომავალი პრემიერისგან, მომავალი მთავრობისგან", - განაცხადა ბოკერიამ.