დავით სერგეენკო:  ჩვენი პრიორიტეტია  მოსახლეობის 100%-იანი დაზღვევა, შრომის კოდექსის კორეგირება და სოციალური პოლიტიკის შეცვლა

დავით სერგეენკო: ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობის 100%-იანი დაზღვევა, შრომის კოდექსის კორეგირება და სოციალური პოლიტიკის შეცვლა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, მუშაობის პრიორიტეტებს სამ ნაწილად დაახარისხებს- ეს არის მიმდინარე ტექნიკური, ტაქტიკური და სტრატეგიული.

ეს განცხადება სერგეენკომ For.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

„პრიორიტეტები ამ ეტაპზე შეიძლება დავყოთ სამ  ნაწილად -მიმდინარე ტექნიკური, ტაქტიკური და სტრატეგიული. მიმდინარე ტექნიკური გახლავთ ის,  რაც დღეს ხორციელდება და მისი გაგრძელება იქამდე,  სანამ არ ამუშავდება და არ შემოვა ძალაში ახალი პროგრამები, ახალი პროექტები და მიდგომები, რადგან  არ გვქონდეს არსებულების ვარდნა, ანუ არ გვქონდეს წყვეტა. ეს  ძალიან მნიშვნელოვანია და აქ არის მაღალი რისკები, იმიტომ რომ არსებობს არა საბოტაჟის საშიშროება, არამედ ბუნებრივად ასე ხდება. ჩვენი  მიმდინარე პრიორიტეტი  გახლავთ უწყვეტობა.“,-აღნიშნა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს ტაქტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს  ზუსტ ციფრებსა და მეტნაკლები სიზუსტით გამოხატული ის ყველაფერი, რასაც ხელისუფლება თვისობრივად საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს, სტრატეგიული პრიორიტეტი კი  საქართველოს მოსახლეობის ასი პროცენტით დაზღვევას, შრომის კოდექსის კორეგირებას და სოციალური პოლიტიკის შეცვლას ითვალისწინებს.

„ხოლო ჩვენი მესამე ნაწილი-სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელიც უფრო ხანგრძლივი პროექტია, დაიწყება 2013 წლიდან და გაგრძელდება წლების განმავლობაში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროექტის იმ ნაწილების განუხრელი განხორციელება, რომელიც არის აღწერილი- საქართველოს მოსახლეობის ასი პროცენტს ექნება სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი, შრომის კოდექსის კორეგირება და მორგება და სოციალური პოლიტიკის შეცვლა“,-განაცხადა სერგეენკომ.