ნანა კაკაბაძე: ქალთა კოლონიაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს

ნანა კაკაბაძე: ქალთა კოლონიაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს

ქალთა კოლონიაში 30-მდე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ From.ge-ს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ პატიმრების ციხეებში  ყოფნა ფაქტიურად წამებისა და ღირსების შელახვასთან არის გაიგივებული. კაკაბაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად მძიმეა, თუმცა მათ შესაბამისი რეაბილიტაცია არ უტარდებათ.

უფლებადამცველის განცხადებით, საპყრობილის მთავარი ექიმები რეალურად ფულის გათეთრებით არიან დაკავებულები და არა პატიმართა სამედიცინო პრობლემებით.

„პატიმრები პირდაპირ ასახელებენ ვინმე ასათიანს, რომელიც მთავარი ექიმია. ისინი ამბობენ, რომ ასათიანი პირადად არის დაკავებული ფულის გათეთრების პროცესით. პენიტენციალური სისტემის ადმინისტრაცია პატიმართა დიაგნოსტიკისთვის უამრავ თანხას ურიცხავს სხვადასხვა საავადმყოფოებს. შემდეგ პატიმრები თითქოს გაჰყავთ დიაგნოსტიკისთვის, თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს დადგენილება თუ რა დაავადებები აქვთ და რაც მთავარია, არ ხდება მათზე მკურნალობის დანიშვნა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

კაკაბაძის თქმითვე, მოშიმშილე პატიმრების მთავარი მოთხოვნებია: მოხდეს მათი ვადამდელი გათავისუფლება; ის ავადმყოფი პატიმრები, რომლებიც  გათავისუფლებას ექვემდებარებიან გათავისუფლდნენ, პატიმრები კი რომლებიც მკურნალობას ექვემდებარებიან, ჩაუტარდეთ სათანადო რეაბილიტაცია. ასევე კომისიები, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს არ ასრულებენ, დაიწყონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

„ისინი შიმშილობას გააგრძელებენ მანამ, სანამ შესაბამისი უწყებები არ დაიწყებენ ნორმალურ რეჟიმში მუშაობას და მათი უფლებები არ აღდგება“, - აღნიშნა კაკაბაძემ.