ირმა ინაშვილი:  ყველა ჟურნალისტის საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ მედია-კავშირ

ირმა ინაშვილი: ყველა ჟურნალისტის საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ მედია-კავშირ "ობიექტივს" "რეალ-ტივი" არ უყიდია

მედია კავშირი „ობიექტივი“ ტელეკომპანია რეალ-ტვ-ის შეძენასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მედიაკავშირს ტელეკომპანია არ შეუძენია.

„ყველა ჟურნალისტის საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ მედია-კავშირ "ობიექტივს" "რეალ-ტივი" არ უყიდია. ისე, დიდი სიამოვნებით შევიძენდი "რუსთავი-2"-საც, "იმედსაც", "რეალ-ტივისაც", ამისი ფინანსური და სხვა შესაძლებლობები რომ მქონოდა... არც იმაზე ვიტყვი უარს, რომ "ობიექტივს" ტელეარხი გვაჩუქონ. უფრო მეტად ვარ დაინტერესებული, დავიბრუნო წართმეული სიხშირე, რომელზეც "პიკი" მაუწყებლობს. ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირი "ობიექტივი" სულ სხვა ორგანიზაცია იყო და დიდიხნის წინ დაიხურა. არსებობს გაზეთი "ობიექტივი", რომელთანაც არანაირი შეხება არა გვაქვს. ასე რომ, კოლეგებს ვთხოვ, გაითვალისწინონ ეს რეალობა“,-აცხადებს ირმა ინაშვილი.

ტელეკომპანია რეალ-ტვ-ის 100% წილის მფლობელმა ლია დოლიძემ ტელეკომპანიის აქტივები 16 ოქტომბერს ლალი ეგაძეს მიჰყიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლალი ეგაძე ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირ „ობიექტივი"-ის დამფუძნებულია, ის ასევე ფლობს სამკაულების მაღაზია „Kamoss”-ს და შპს „ზე-ლო“-ს.