„თავისუფალი საქართველო“ და  „სოლიდარობა 2“ გაფიცულ მაღაროელებთა მოთხოვნებს იზიარებენ

„თავისუფალი საქართველო“ და „სოლიდარობა 2“ გაფიცულ მაღაროელებთა მოთხოვნებს იზიარებენ

პარტია „თავისუფალი საქართველო“  და თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“ გაფიცულ  ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ და მათთვის ხელფასის 100%-ით გაზრდას ითხოვენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო შალამბერიძის განცხადებით, ისინი მაღაროელთა მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.

შალამბერიძემ  აღნიშნა, რომ ჭიათურაში მაღაროელებს მონურ პირობებში უწევთ მუშაობა.

მისივე თქმით,  სასწრაფოდ უნდა დაკმაყოფილდეს ყველა ის მოთხოვნა რაც მაღაროელებს აქვთ. „ინვესტორები მაღაროელებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებენ. ყველა მაღაროელი უნდა დაკმაყოფილდეს მაღალი ანაზღაურებით, საოჯახო დაზღვევით და ჯანსაღი კვებით“, - განაცხადა შალამბერიძემ.

„სოლიდარობა 2“-ის თავმჯდომარის  ემზარ ბეჟაშვილის განცხადებით, მაღაროელების მოთხოვნების სრულად დაუკმაყოფილების შემთხვევაში, პერმანენტული აქციები გაიმართება თბილისშიც.