ვილფრედ მარტენსი: ხელისუფლების  ოპონენტებმა საქართველოში მხარდაჭერის საყიდლად,  უნდობლობის განცდის შესაქმნელად დიდი ფული დახარჯეს

ვილფრედ მარტენსი: ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში მხარდაჭერის საყიდლად, უნდობლობის განცდის შესაქმნელად დიდი ფული დახარჯეს

 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა  ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში წარმატების საყიდლად დიდი ფული დახარჯეს.

ვილფრედ მარტენსის  თქმით, საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში,  არჩევნების დღეს და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ,  შესანიშნავად მოქმედებდნენ.

„მათ პოლიტიკური სიმწიფე აჩვენეს და ისე მოიქცნენ, როგორც ჭეშმარიტ დემოკრატიას შეეფერება. საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა,  მაგრამ სამწუხაროდ ოპონენტებმა მხარდაჭერის საყიდლად,  საქართველოში უნდობლობის განცდის შესაქმნელად და იმისთვის,  რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბითაც შეელახათ,  დიდი ფული დახარჯეს. ამ შემთხვევაში დემოკრატიული რეჟიმი ავტორიტარულ რეჟიმს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთში ყოველთვის ბატონობს, პირველ შემთხვევაში, მთავარი ფასეულობები კანონის უზენაესობა და თავისუფლებაა - ჩვენ უნდა წავახალისოთ პირველი. როდესაც ვხედავთ თუ რა სისწრაფით მიდის ყველაფერი უკან,  როდესაც ვხედავ იმ ბრძოლას, რომელიც მაგალითად,  ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ მოლდოვაში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად,  ვსვამ კითხვას - ნუთუ არ დადგა დრო,  რომ ამ ქვეყნებს,  მივცეთ საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეს შეუერთდნენ? ძვირფასო პრეზიდენტო,  ჩვენი პარტია და ჩვენი გუნდი, ერთი გუნდია. ჩვენ, როგორც არასდროს,  ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ვიბრძოდით,  რათა თქვენთვის და თქვენი პარტიის კანდიდატებისთვის მხარი დაგვეჭირა,  ამ რთულ და უსამართლო ბრძოლაში,  რომელიც სხვა ეპოქის მოვლენას წააგავდა. თქვენი მთავარი ფასეულობები სრულად ესადაგება ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს და გვსურდა ხელი შეგვეწყო მათთვის,  ვინც ამ ფუნდამენტური ფასეულობების ერთგული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ წარმატებული არ ვიყავით,  მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ თქვენს მხარდასაჭერად, რაც მომავალ არჩევნებამდე მიგიყვანთ“, - განაცხადა მარტენსმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე იმყოფება.