პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველო დსთ-ში არ დაბრუნდება

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველო დსთ-ში არ დაბრუნდება

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით,  გამორიცხულია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოები არსებობს , ხოლო საქართველო დსთ-ში არასოდეს დაბრუნდება.

„ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენს პოზიციებს შორის ფუნდამენტური განსხვავებებია და რაღაც საკითხებში ალბათ, ასეა, თუმცა ჩვენ შიდა განხილვის თემადაც კი არ ვაყენებთ ისეთ საკითხების, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობები და რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი ვალდებულების აღება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხებში ახალი მთავრობის ხედვა ძველისას მთლიანად ემთხვევა.

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ჟენევის დისკუსიის ფორმატის ერთგული რჩება, თუმცა ეს არის საერთაშორისო ფორმატი, რომელსაც წითელ ხაზად გასდევს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ამიტომ მნიშვნელოვანია დაიწყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები.