დავით ნარმანია: ლაზიკას მშენებლობაში მონაწილე კომპანიებმა შეიძლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს უჩივლონ

დავით ნარმანია: ლაზიკას მშენებლობაში მონაწილე კომპანიებმა შეიძლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს უჩივლონ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, საგზაო სამუშაოები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, კითხვის ნიშნები კი  მხოლოდ ლაზიკასთან დაკავშირებით არსებობს. ეს განცხადება ნარმანიამ სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ საგზაო სამუშაოები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გზების, გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის შეჩერება წარმოუდგენელია და კითხვის ნიშნები მხოლოდ ლაზიკასთან დაკავშირებით არსებობს“,-განაცხადა ნარმანიამ.  მინისტრობის კანდიდატი ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის საკითხითაც დაინტერესდა, მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულ მშენებლობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

„როგორც გაირკვა, ქუთაისში პარლამენტი სამინისტროს პასუხისმგებლობა არ არის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართული იყო, როგორც მხოლოდ სამუშაოების ზედამხედველი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ თანამშრომლებთან ლაზიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, შესრულდა გარკვეული სამუშაოები თუმცა ანგარიშსწორება ჯერაც განუხორციელებელია.

ნარმანიას განცხადებით, კომპანიებმა ამის გამო სამინისტროს სასამართლოში უჩივლონ. დავით ნარმანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, თუმცა მთავრობის დამტკიცების შემდეგ, რეორგანიზაცია იგეგმება.