მარეგულირებელი კომისია კომუნალური გადასახადების გადახედვის აზრს ვერ ხედავს

მარეგულირებელი კომისია კომუნალური გადასახადების გადახედვის აზრს ვერ ხედავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფების ცვლილება შეუძლებელია რადგან, ტარიფები დადგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გადახედვის აზრი დღეისთვის არ არსებობს.

„დადგენილი ტარიფები მთლიანად კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, დათვლილია მაქსიმალური სიზუსტით და შეუძლებელია ამ ეტაპზე რაიმე სახის ცვლილება მოხდეს. ტარიფების დაკლება თუ მომატება დამოკიდებულია კომპანიების მიერ შესასყიდ ღირებულებაზე. კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია, ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მოგვმართოს, მაგრამ ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ტარიფები აქამდეც დაიწევდა. გარდა ამისა, თუ გადახედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, მათთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფებია", - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, მოსახლეობა ზამთარში უკვე კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირებას იგრძნობს.