ფილიპ დიმიტროვი: კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, ისეთი კონსტიტუციური მდგომარეობა უნდა შექმნას, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია

ფილიპ დიმიტროვი: კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, ისეთი კონსტიტუციური მდგომარეობა უნდა შექმნას, როგორიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ახალ ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს. ის ხელისუფლებას კონსტიტუციაში "ნაჩქარევი" და "კონკრეტული პიროვნების ინტერესზე" ორიენტირებული ცვლილების შეტანისგან თავისშეკავებისკენ მოუწოდებს.

დიმიტროვის განმარტებით, ცვლილებებმა, რომლებიც კონსტიტუციაში შეიძლება მოხდეს, ისეთი კონსტიტუციური მდგომარეობა უნდა შექმნას, როგორიცაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„კონსტიტუციაში ადვილად ცვლილებების შეტანა არაა რეკომენდებული, ზოგჯერ ხდება ხოლმე ასეთი ნაჩქარევი ცვლილებები. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ყოფილა შემთხვევები, როცა პიროვნული აუცილებლობის ან ინტერესის, თუნდაც კონკრეტული სიტუაციის გამო შეცვლილა კონსტიტუცია. ესეც ერთ-ერთი მახასიათებელია იმისა, რომ დემოკრატია არაა სრულყოფილი. ასეთი მარტივი გადაწყვეტილებები არაა კარგი, მარტივ გადაწყვეტილებებს პრობლემებისკენ მივყავართ", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში.

გარდა ამისა, დიმიტროვმა იმედი გამოთქვა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ევროპული ღირებულებები გაზიარებული იქნება.

„ერთია, ბრძოლა პარლამენტში, ერთმანეთის ნაკლოვანებებისა და შეცდომების მონახვა დებატების დროს, მაგრამ მეორეა, როცა ცდილობ ფუნდამენტურად შეცვალო ქვეყნის ორიენტაცია. ეს უკვე სულ სხვა რამეა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება", - აღნიშნა დიმიტროვმა.