სასჯელაღსრულების სამინისტრო: #6 რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  8 პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულების სამინისტრო: #6 რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 პატიმარი შიმშილობს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, #6 რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2012 წლის 15 ოქტომბრის 13 საათის მონაცემებით,  8 პატიმარი შიმშილობს.

სამინისტროს ცნობით, პატიმართა მოთხოვნები განსხვავებულია და უკავშირდება როგორც მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე მათ ჯანმრთელობას და სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის მოთხოვნას.

ამავდროულად სამინისტროში აღნიშნავენ, რომ  ერთ პატიმარი სხვა მოშიმშილე პატიმრისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს.

„დაწესებულების ადმინისტრაციამ მოშიმშილე პატიმრებს განუმარტა შიმშილობის დროს მათ მიმართ მოპყრობის წესი და ყოფნის პირობები, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმმა  კი – შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მძიმე შედეგები.

დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა იმ მოთხოვნების იდენტიფიცირება, რომელთა დაკმაყოფილებაც შედის მათ კომპეტენციაში და მიღებული იქნა სათანადო ზომები მათი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

ამავდორულად,  მოშიმშილეთა ნაწილს განემარტა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციას და ამის შესახებ ეცნობა შესაბამის უწყებებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.