მთავრობის გადაწყვეტილებით,  ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე,  ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.

ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა  ისაუბრა.

„ამ გზით,  როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ტელეკომპანიებისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება და მათი თანაბარ საგადასახადო პორობებში ჩაყენება ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას. მაუწყებლებს მიეცემათ საშუალება, მოიზიდონ ახალი ინვესტიციები ამ სფეროში“, - განაცხადა ხეთაგურმა.

მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პროცესების გამჭვირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,  ღიად მიმართავს ყველა მაუწყებელს, საგადასახადო დავალიანებების არსებობის შემთხვევაში,  წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე მსჯელობა.

ხეთაგურის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა,  როდესაც სახელმწიფო ტელემედიის მხარდაჭერისთვის საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის.

„ბოლო საგადასახადო შეღავათი ტელემაუწყებლებისთვის 2010 წელს მოხდა, რომლითაც  როგორც ცენტრალურმა, ისე რეგიონალმა მაუწყებლებმა ისარგებლეს“, - განაცხადა ხეთაგურმა.