არჩილ კბილაშვილი: პროკურატურაში ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავ

არჩილ კბილაშვილი: პროკურატურაში ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავ

მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი პროკურატურაში ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ კბილაშვილმა დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

კბილაშვილის განცხადებით, პირველი ცვლილება პროკურატურის როლს, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში მის ინსტიტუციონალურ ფუნქციას ეხება,  მეორე ცვლილება გენერალური პროკურორის დანიშვნასა და მის გადაყენების მექანიზმს ხოლო,  შემდგომი ცვლილება, პროკურატურის სასამართლო ხელისუფლების ნაწილად გახდომას ეხება.

„დღეისათვის პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, ანუ დღეს,  მოქმედი კანონით,  პროკურორი  იუსტიციის მინისტრს ემორჩილება ანუ იუსტიციის მინისტრს  ყველა საპროცესო უფლება გააჩნია, იუსტიციის მინისტრი ნიშნავს ყველა ხელმძღვანელ  პროკურორს და კარგად მოგეხსენებათ ისიც,  რომ იუსტიციის მინისტრი  პოლიტიკური თანამდებობის პირია. გამომდინარე იქიდან, რომ ის ექვემდებარება პრემიერ- მინისტრს და პრეზიდენტს.  ამიტომ დღეს,  საქართველოში არამხოლოდ დეფაქტო არამედ, დეიურიე გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული პროკურატურა.   ეს არასწორია,  ეს დასაგმობია და ეს უნდა შეიცვალოს.

შეცვლა წარმოდგენილი გვაქვს იმგვარად,  რომ პირველ რიგში, უნდა აღდგეს გენერალური პროკურატურა და არა მთავარი პროკურატურა,  როგორც დღესაა.  მთავარი პროკურატურის გაჩენა,  თავისთავად წარმოშვა იმ აზრმა, რომ მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა მოისურვა  პარალელურად,  გენერალური პროკურორი  ყოფილიყო და ამიტომ ტერმინი გენერალური პროკურორი ამოვარდა და  შემდგომ მთავარი პროკურორი გახდა. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე,  ვფიქრობთ,  რომ გენერალური პროკურატურა ამოქმედებული,  აღდგენილი უნდა იქნას.

გენერალური პროკურორის დანიშვნა უნდა მოხდეს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის წარდგენით და პარლამენტის თანხმობით.

უნდა იყოს განსაზღვრული ვადა თანამდებობაზე ყოფნის და მისი  თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი იმპიჩმენტის წესით უნდა იყოს.

ვფიქრობთ იმაზეც,  რომ პროკურატურა  გახდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილი,  როგორც  ადრე იყო და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი.  მოკლედ,  ინსტიტუციონალურად ასეთი გარდაქმნა მაქვს მოაზრებული“, - განაცხადა კბილაშვილმა.

კბილაშვილის განმარტებით, ამ ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ სამართალდამცავი ორგანოს პირველი პირი  არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს.

„ეს დაუშვებელია და თუ სადამდე მიგვიყვანა ამან, ყველანი  კარგად ვხედავთ. დღეს, ყველა ვაცხადებთ და ვაცნობიერებთ იმას, რომ პროკურატურა  აღმასრულებელი  ხელისუფლების ხელში  რეპრესიულ მანქანად მოიაზრება,  რაც დაუშვებელია“, - განაცხადა კბილაშვილმა.

გარდა ამისა,  კბილაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან სიახლედ ესახება ის, რომ გენერალური პროკურატურა  ისეთი საქმეების შესწავლის უფლებამოსილებით დაკავდეს,  როგორი საქმეებიც უკვე დასრულებულია,  მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ის საქმე სამართლიანად არაა გადაწყვეტილი.

„გავრცელებული აზრით,  საზოგადოებაში ბევრი მიიჩნევს, რომ  ესა თუ ის ადამიანი უკანონო განაჩენის მსხვერპლი გახდა, თუნდაც საპროცესო შეთანხმების ხელმომწერი პირი მიიჩნევს, რომ ის იძულებული იყო ამ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. შესაბამისად, მივიჩნევ,  რომ ის პირი,  რომელიც თავს უკანონო განაჩენის მსხვერპლად მიიჩნევს, თვლის,  რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა,  ან შესაძლოა პირდაპირ არ ჰქონია შეხება სამართალდამცავ ორგანოსთან,  მაგრამ  ვთქვათ, სანოტარო აქტით  ქონების გაჩუქება მოუწია,  როცა  სამართალდამცავი ორგანოს გავლენა ზედაპირულად არსად არ ჩანს,  მაგრამ სინამდვილეში,  ესა თუ ის საკუთრების უფლების დაკარგვა  მუქარითა და მისი უფლების ხელყოფით იყო გამოწვეული, ყველა ასეთ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამა თუ იმ მიზეზით  გახდა მსხვერპლი,  მიეცეს შესაძლებლობა  გენერალურ პროკურორს მომართოს და მისი საქმის გადასინჯვა მოხდება“, - განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ  კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, გენერალური  პროკურატურის საამისო უფლებამოსილი პროკურორი შეისწავლის და თუ ის პროკურორი ჩათვლის, რომ იქ მართლაც, უკანონობის ნიშნებია,  შესაბამისი განაჩენი კანონით დადგენილი  წესით გადაისინჯება.