თბილისის  „ჰელსინკის ჯგუფმა“ 167 პირი, მათ შორის, ოქრუაშვილი,  ბიწაძე,  გიორგობიანი,  კვიციანი, შალიკიანი პოლიტიკურ პატიმრებად სცნო

თბილისის „ჰელსინკის ჯგუფმა“ 167 პირი, მათ შორის, ოქრუაშვილი, ბიწაძე, გიორგობიანი, კვიციანი, შალიკიანი პოლიტიკურ პატიმრებად სცნო

თბილისის  „ჰელსინკის ჯგუფის“ თავმჯდომარის ლალი აფციაურის განცხადებით,  თბილისის „ჰელსინკის ჯგუფმა“ 167 პირი პოლიტიკურ პატიმრად სცნო.  

მისი თქმით, ჯგუფმა ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნილად 12 პირი  ცნო, რომლებიც ამჟამად, ძებნაში იმყოფებიან.

„ჯგუფმა პოლიტიკურ პატიმრებად ცნო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე, ბიძინა გიორგობიანი, ნორა კვიციანი, ზურაბ შალიკიანი. პოლიტიკური პატიმრების საქმეების შემსწავლელი კომისიის არსებობა აუცილებელი გახდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა“, - განაცხადა  აფციაურმა.

მისივე თქმით, სიაში არიან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები: იგორ გიორგაძის საქმე, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 9 აპრილის მოვლენები, მუხროვანის ინციდენტი, 2011 წლის 26 მაისის მოვლენები და ყინწვისის საქმე.

უფლებადმცველების თქმით, პირების პოლიტიკურ პატიმრად ცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი კრიტერიუმებით მოხდა.

თბილისის „ჰელსინკის ჯგუფი“ პატიმრების საქმეს 2009 წლიდან ინდივიდუალურად განიხილავს.