ეკონომიკის სამინიტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების  პროცეს აჩერებს

ეკონომიკის სამინიტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების პროცეს აჩერებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება შეაჩერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 20 ივლისს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ინტერჰელს კანადა ლიმიტედს“ შორის,  ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქონების პრივატიზების ხელშეკრულება გასულ წელსვე გაფორმდა. ხელშეკრულების პირობა კლინიკის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება და მის ბაზაზე თანამედროვე საავადმყოფოს შექმნაა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტექნიკური წინაპირობები, რომელთა შესრულების შემდეგ, ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის ტექნიკური წინაპირობების შესრულების პროცესი არ დასრულებულა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. ამავე მიზეზით მყიდველის მიერ არ გადახდილა საპრივიტიზებო საფასური. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეაჩერა ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერება ითხოვა.

გამყრელიძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაჩქარებული ფორმით მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმასთან უკვე ხელმოწერილია.