დავით აკობია წუხელ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დავით აკობია წუხელ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გლდანის საპყრობილეში გადაღებული ფარული ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი ავტორი, გლდანის N8-ე საპყრობილის ოფიცერი დავით აკობია წუხელ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„თავისუფალი საქართველოს" წევრის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, აკობია პატიმრობიდან გათავისუფლებულია და ამჟამად მუხიანში, საკუთარ სახლში იმყოფება.

მისივე განცხადებით, აკობია მედიისთვის განცხადებას დღეს გააკეთებს.

გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარულად გადაღებული სკანდალური ვიდეომასალის ავტორი დავით აკობია 19 სექტემბერს დააკავეს.

20 სექტემბერს კი მთავარმა პროკურატურამა დავით აკობიას ჩვენება გაავრცელა. ჩვენებაში აკობია იმ პირებს ასახელებს, რომელმაც ფარული ჩანაწერის გადაღება დაავალეს და რომლისთვისაც გადაღებული მასალა უნდა გადაეცა.

„5 აგისტოს გლდანის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. მე დავთანხმდი. შეხვედრაზე ის ანერვიულებული ჩანდა. მან მითხრა მიზეზი, რომ გადაღებული ჰქონდა გლდანის კადრები, რომელზეც პატიმრის ცემა და ასეთი რაღაცები იყო დაფიქსირებული რომ გაიგონ დაგვიჭერენ, ამიტომ საზღვარგარეთ უნდა წავიდე, მაგრამ კიდევ ერთი კადრი მინდა, რომელიც თუ შეგიძლია შენ გადაიღეო. ამის სანაცვლოდ ის დამპირდა სოლიდურ თანხას. 24 აგვისტოს, როცა "სმენაში" ვიყავი, ბორის ფარულავამ შემომიტანა პატარა კამერა, რომელიც შარვალზე უნდა დამემაგრებინა - ღილს გავდა და კარანტინის დაშლის კადრი უნდა გადამეღო. ეს გავაკეთე. 25 აგვისტოს გამოვედი სამსახურიდან, ვნახე ფარულავა და გადავეცი. მან მითხრა, რომ ის უნდა გავუგზავნო ლადო ბედუკაძეს, რომელიც ბელგიაშიაო, შენ კი ბედუკაძე 28-ში დაგირეკავსო. 28-ში ის მართლაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ შენს გვერდში ვიქნები, დაგეხმარები ფულითაც და ყველაფრითო. გზის ფულს მოგცემს ბორის ფარულავა, დანარჩენს მე მივხედავო. 29 აგვისტოს ბორის ფარულავა ისევ დამიკავშირდა და გადმომცა 400 დოლარი - გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს საქართველო უნდა დამეტოვებინა, წავსულიყავი სომხეთში, იქედან კი უკრაინაში, სადაც "სკაიპის" საშუალებით დავუკავშირდებოდი ლადო ბედუკაძეს, რომელიც იქ შემხვდებოდა და ყველანაირად დამეხმარებოდა, მატერიალურადაც და ყველანაირად", - აღნიშნულია აკობიას ჩვენებაში.