ირაკლი აბესაძე: მერიის ახალი სამსახური საშუალებას მოგვცემს უკეთესად განვახორციელოთ ობიქტების დაცვა

ირაკლი აბესაძე: მერიის ახალი სამსახური საშუალებას მოგვცემს უკეთესად განვახორციელოთ ობიქტების დაცვა

„თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური მერიას საშუალებას მისცემს, უკეთესად განახორციელოს ობიქტების დაცვა და დაზოგოს თანხები, რომელიც ამ მიზნით იხარჯებოდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ახალი ეს სამსახური უზრუნველყოფს მერიის საკუთრებაში არსებული ობიექტების, მათ შორის ბარების, სკვერების დაცვას.

როგორც აბესაძემ განაცხადა, ამ სამსახურის თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლება არ ექნებათ. მისივე თქმით, აღნიშნული სამსახური გიგი უგულავას არ დაიცავს და აღნიშნა, რომ მერის უსაფრთხოებაზე დაცვის სპეციალური სამსახური ზრუნავს

„საქალაქო სამსახური იქნება თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დებულებას ამტკიცებს დედაქალაქის მერი და ამის შემდეგ, როდესაც შეიქმნება სამსახური, ხდება მისი ასახვა მერიის დებულებაში. შემდეგ უნდა მივმართოთ საკრებულოს და უნდა მოვითხოვოთ მისი თბილისის მერიის სისტემაში ასახვა", - განაცხადა აბესაძემ და აღნიშნა, რომ ახალი სამსახური თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ" დებულებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი უკვე მოაწერა და "საკანონმდებლო მაცნეშიც" გამოქვეყნდა.