მერაბ ნინიძე  დიტო ცინცაძის ფილმში შესრულებული როლისთვის „ოქროს  ანგელოზით“ დააჯილდოვეს

მერაბ ნინიძე დიტო ცინცაძის ფილმში შესრულებული როლისთვის „ოქროს ანგელოზით“ დააჯილდოვეს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სანკტ–პეტერბურგის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს  ანგელოზით“ დააჯილდოვეს. ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ, სერბი რეჟისორის ემირ კუსტურიცას თავმჯდომარეობით, პრიზი ნინიძეს დიტო ცინცაძის ახალ ფილმში „შემოჭრა" მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცა.

შეგახსენებთ, დიტო ცინცაძის ახალმა ფილმმა „შემოჭრა" მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური გრანპრით დაჯილდოვდა. შვიდკაციანმა ჟიურიმ ბრიტანელი მსახიობის, გრეტა სკაკის თავმჯდომარეობით ფესტივალის მნიშვნელობით მეორე პრიზი ორ მონაწილეს გაუყო - დიტო ცინცაძესთან ერთად პრიზის მფლობელი ესპანელი რეჟისორი, იმანოლ ურიბე გახდა ფილმით „ფორთოხლის თაფლი“. „შემოჭრა“ უკვე ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია.

„შემოჭრა“ მონაწილეობდა აგრეთვე სანკტ-პეტერბურგის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის (21-29 სექტებერი) საკონკურსო პროგრამაში. ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას თავმჯდომარეობით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის დაწესებული პრიზი ("ოქროს ანგელოზი") მერაბ ნინიძეს მიანიჭა ფილმში განსახიერებული როლისთვის. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ცნობილმა გერმანელმა მსახიობმა ბურგჰარტ კლაუსნერმაც.

ფილმს ქართველი მაყურებელი თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილავს, რომელიც კინოთეატრებში „ ამირანი“ და „რუსთაველი“ 3–9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.