ზურაბ აბაშიძე: როგორც ჩანს თბილისის მერია ძალიან შეშინებული და დაძაბულია

ზურაბ აბაშიძე: როგორც ჩანს თბილისის მერია ძალიან შეშინებული და დაძაბულია

"როგორც ჩანს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე თბილისის მერია ძალიან დაძაბული და შეშინებულია“, - ასე შეაფასა კოალიცია „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ზურაბ აბაშიძემ თბილისის მერიის მიერ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა.

როგორც აბაშიძემ From.ge-ს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ისე არ მოიქცევა, როგორც „ნაცმოძრაობა“ იქცევა, ამიტომ ამ ეტაპზე ასეთი სამსახურის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

აბაშიძის განმარტებით, ქვეყანაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - უმრავლესობაში მოვიდა „ქართული ოცნება“ და იცვლება მთავრობა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში.

„რაც უნდათ ის შექმნან და დაამატონ, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია როგორც მერიის, ასევე სხვა უწყებასთან მიმართებაში იქნება ის, რომ ნუ იჩქარებენ რაღაც სამსახურების შექმნას. „მოჩქარეს დაუგვიანდესო“ ნათქვამია“, - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, "თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ" დებულებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული დოკუმენტი „საკანონმდებლო მაცნეშიც" უკვე გამოქვეყნდა.