დედაქალაქის მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა

დედაქალაქის მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა

დედაქალაქის მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური შექმნა. "თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესახებ" დებულებას თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ამოცანაა: თბილისის მერიის ობიექტების, თბილისში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, თავად თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვა მოეთხოვება.

აღნიშნულმა სამსახურმა ასევე უნდა უზრუნველყოს: თბილისის მერისათვის დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, სამსახურში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება.

დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახური შედგება შვიდი განყოფილებისგან: ორგანიზაციული უზრუნველყოფის, კონტროლის, სწრაფი რეაგირების, თბილისის მერიის ობიექტების დაცვის, თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის და ასევე თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის განყოფილებებისგან.

სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თბილისის მერი. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დედაქალაქის მერის წინაშე.

აღნიშნული დოკუმენტი „საკანონმდებლო მაცნეშიც" უკვე გამოქვეყნდა.