ვახო სანაია5 თანამშრომელთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს

ვახო სანაია5 თანამშრომელთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს

საავტორო გადაცემების "რეპორტაჟი ვახო სანაიასთან ერთად" და "ევროპული არჩევანი" ავტორი ვახო სანაია და მისი 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მიიღო.

შესაბამისი ბრძანების ასლი, რომელსაც ხელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია აწერს, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანაიასთან ერთად გათავისუფლებული არიან გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერები რუსუდან ვაშაკიძე და დავით ქართველიშვილი და კორესპონდენტები - მარიამ ოშხნელი, მარიკა სიხარულიძე და თამრიკო სურგულაძე.

ვახო სანაიამ facebook-ში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელთან, ლევან გახელაძეთან და გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

„ასეთ შეხვედრაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. როგორ უსუსურად ეძებდნენ მიზეზს კონტრაქტის გასაწყვეტად. ეს შეხვედრა ხელმძღვანელობის მიერ იყო ორგანიზებული და მათივე დავალებით იღებდნენ", - წერს სანაია.