კოალციაცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ხელისუფლებას სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში რეკომენდაციით მიმართავს

კოალციაცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ხელისუფლებას სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში რეკომენდაციით მიმართავს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის  ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეხმიანება. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართული საზოგადოება ხელისუფლების არჩევნების გზით,  მშვიდობიანად გადაცემის მომსწრე გახდა, რამაც ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებული მოლოდინები წარმოშვა დემოკრატიული პროცესების ახლებურად წარმართვის კუთხით.

განცხადების თანახმად, ორგანიზაცია მიესალმება „სამართლიანი სამართლებრივი სისტემის“  კონცეფციის ჩამოყალიბებას, რომელიც მათი განმარტებით, ასევე  სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებს მოიაზრებს.

„აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა წარიმართოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აერთიანებს ორგანიზაციებს,  რომლებსაც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ  და გასატარებელი რეფორმების კუთხით კონკრეტული ხედვები და რეკომენდაციები გააჩნიათ.

„მიგვაჩნია,  რომ აღნიშნული გამოცდილების და რეკომენდაციების გათვალისწინება ცალსახად პოზიტიურ წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების რეფორმის კონცეფციის ჩამოყალიბებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ასევე მიგვაჩნია,  რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა კონცეფციის შემუშავებაში რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა იქნას უზრუნველყოფილი, შესაბამისად,  ჩვენ გამოვხატავთ მზაობას რაც შეიძლება სწრაფად გავუზიაროთ ხედვები საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც შესაბამის თემებზე მოუწევთ მუშაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.