ალა კახნიაური: შპს „ბურჯის“ მფლობელისთვის დაბრუნებით, პასუხიმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ

ალა კახნიაური: შპს „ბურჯის“ მფლობელისთვის დაბრუნებით, პასუხიმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ

შპს „ბურჯის“ ადვოკატის ალა კახნიაურის განცხადებით,  აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკანონო შემოწირულობების მოტივით დაჯარიმებულ ფიზიკურ პირებსა და რამდენიმე ორგანიზაციას, მათ შორის,  შპს „ბურჯსაც“  ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნდებათ,  მისთვის მედიასაშუალებებიდან  გახდა ცნობილი.

კახნიაურის თქმით, მათთვის აღნიშნულზე არავის არაფერი უცნობებია და აღნიშნავს, რომ შესაბამისად, მათთვის დაბრუნების მექანიზმი უცნობია.

„ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის საშუალებით გავიგე. ჩვენთვის არავის არაფერი უცნობებია.  თავდაპირველადაც ვამბობდით,  რომ  ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო და რომ მათ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდათ. თვითონ ხომ იციან,  რომ მაშინ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.  ვფიქრობ, ახლა პასუხისმგებლობის ეშინიათ და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ“, - განაცხადა კახნიაურმა.

კახნიაური იმედს გამოთქვამს, რომ შპს „ბურჯის“ მფლობელებისთვის თავიანთი ქონების დაბრუნების მექანიზმი  ცნობილი გახდება.

„იმედია, ჩვენთვისაც გახდება ცნობილი,  თუ რა მექანიზმით დაგვიბრუნეს ქონება.  მხოლოდ ის ვიცი,  რომ შპს „გამას“  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, როდესაც  ვითომ აუქციონში გაიმარჯვა და ბურჯის ქონება შეიძინა, არცერთი თეთრი არ გაუხდია“, - განაცხადა კახნიაურმა.

კომპანია „გამას“  დირექტორის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით,  საააღსრულებო ბიურომ გააუქმა განკარგულება, რომლითაც შპს „ბურჯის“ ქონება შპს „გამას“ გადაეცა.

მისი თქმით, სააღსრულებო ბიურომ ქონების აღრიცხვა უკვე დაიწყო. 
„სააღსრულებო ბიურომ გააუქმა ის განკარგულება, რომლითაც შპს „გამას“ გადასცა ქონება აუქციონის შემდეგ და ახორციელებს უკან აღრიცხვას ამ ქონებისას. პირვანდელ მდგომარეობას აღადგენს ჩვენს საწარმოსთან მიმართებაში. ჩვენ საქმის კურსში ჩაგვაყენა სააღსრულებო ბიურომ, რომ ამ პროცესს ახორციელებდა. ჩვენი მხრიდან იყო ამაზე დასტური და დადებითი გადაწყვეტილება“, - განაცხადა  ყავლაშვილმა.