ლევან ბერძენიშვილი: კალაძის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენა მისთვისაც მოულოდნელი იყო

ლევან ბერძენიშვილი: კალაძის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენა მისთვისაც მოულოდნელი იყო

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, კახი კალაძის კანდიდატურა თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე განიხილებოდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრაიმ-ტაიმის  კლუბში  ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე  განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ ვინ გახდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ბერძენიშვილის განმარტებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენა თავად კალაძისთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა დარწმუნებულია, რომ კალაძე მინისტრის თანამდებობაზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს თავს წარმატებულად გაართმევს.

„კალაძეს, როგორც მენეჯერს, საქმე გაცილებით მეტ თანხებთან ჰქონია, ვიდრე ეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გააჩნია. ის წარმატებულად ართმევდა საქმეებს თავს გაცილებით მეტ თანხებთან მიმართებაში, რაც შეეხება კახი კალაძის პატიოსნებას, მის პატიოსნებაში ეჭვი თვით პრეზიდენტსაც კი არ შეუტანია, რომელმაც კალაძის ავტოგოლების თვლა დაიწყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი  ასევე ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის როლანდ ახალაიას არჩევნებში  გამარჯვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის პარლამენტის წევრი ვერ გახდება.

მისი თქმით, ის ახალაიას უფლებამოსილებას არ ცნობს.

„მე გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ პარლამენტი თანხმობას მისცემს როლანდ ახალაიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. პირადად მე ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ვცნობ და ვფიქრობ, რომ ასე მოიქცევიან სხვებიც", - განაცხადა მან.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ როლანდ ახალაიას, ასევე დათა და ბაჩო ახალაიების მთავრობასა და პარლამენტში ყოფნის საკითხი თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს.