თამაზ თამაზაშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

თამაზ თამაზაშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილისთვის სასჯელის ვადის გადახედვის შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს თავად პროკურატურამ მიმართა. ამის შესახებ თამაზაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ თავადაც კარგად იცოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულო იყო და სწორედ ამიტომ მოხდა პროკურატურის მიერ აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვა ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულსა და დაცვას შორის სწორედ ამაზე მოხდა შეთანხმება.

„ეს არ ყოფილა სტანდარტული და კლასიკური საპროცესო გარიგება, ანუ თამაზაშვილს წარდგენილ ბრალში არ უღიარებია თავი დამნაშავედ. პროკურატურას კი სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა შეეძლო. ამიტომ გააკეთა გამონაკლისი და სასამართლოს სასჯელის ვადის შემცირების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასჯელი 3 წლისა და 6 თვიდან - 1 წლამდე ჩამოიყვანა“, - განაცხადა გელაშვილმა.

მისი განმარტებით, 1 წელი მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს გადის. ამასთანავე, გელაშვილის თქმით, მსჯავრდებულებს ერთ დღეს პატრიარქი ჩუქნის, შესაბამისად, თამაზაშვილი საპატიმროს ხვალ დატოვებს.

„პატრიარქის შუამდგომლობით ყველა პატიმარს 1 დღეს საჩუქრად აძლევენ. ამიტომ თამაზ თამაზაშვილი უკვე ხვალ, 10 ოქტომბერს გათავისუფლდება“, - დასძინა მან.