ბესიკ ლილუაშვილი: დაახლოებით, 27  მოვალის ქონება  უკან დაბრუნდება

ბესიკ ლილუაშვილი: დაახლოებით, 27 მოვალის ქონება უკან დაბრუნდება

აღსრულების ეროვნული ბიუროს  პრესსამსახურის უფროსის, ბესიკ ლილუაშვილის განცხადებით, უკანონო შემოწირულობების მოტივით დაჯარიმებულ ფიზიკურ პირებსა და რამდენიმე ორგანიზაციას ჩამორთმეული ქონება უკან უბრუნდებათ. 
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, აღსრულების პროცესში აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო იქნა მიღებული.

„აღსრულების პროცესში აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების დროს, თავმჯდომარეს აქვს უფლება  წინა განკარგულებები გააუქმოს და ქონება თავიანთ ძველ მეპატრონეებს დაუბრუნოს.  შესაბამისად, მოხდა ახლაც. სააღსრულებო წარმოების პროცედურებში, რაღაც დარღვევები იქნა აღმოჩენილი. ამ საკითხთან დაკავშირებით,  კომისია მუშაობს და დაახლოებით, 27  მოვალის ქონება  უკან დაბრუნდება. სავარაუდოდ, შესაძლებელია,  ეს რიცხში კიდევ გაიზარდოს, რადგან რაღაც საკითხების მოკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, კონკრეტულად, ქონება უკან დაუბრუნდება კომპანია „ბურჯს“ და ფიზიკურ პირებსაც.

როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებენ, იმ ნივთების სანაცვლოდ კი, რომელთა რეალიზება მოხდა ელექტრონულ აუქციონზე, სავარაუდოდ  ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მოხდება. 
ცნობისთვის, ფიზიკური პირები და რამდენიმე ორგანიზაცია „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის მოტივით სოლიდური თანხით დააჯარიმეს.