სოზარ სუბარი:  „ფაქტი, რომ ჩვენ აღნიშნული სტრუქტურების კანდიდატები დავასახელეთ ნიშნავს იმას, რომ ცვლილება აუცილებლად განხორციელდება

სოზარ სუბარი: „ფაქტი, რომ ჩვენ აღნიშნული სტრუქტურების კანდიდატები დავასახელეთ ნიშნავს იმას, რომ ცვლილება აუცილებლად განხორციელდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებისთვის თანამდებობის შენარჩუნებისა და გაერთიანებული შტაბის ახალ ხელმძღვანელად გიორგი კალანდაძის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში  გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეროვნული ბანკისა და განსაკუთრებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო ერთწლიანმა მუშაობამ გამოავლინა, რომ ისინი არიან პოლიტიკური მხარეები, ამიტომ სუბარის თქმით, მათ ხელმძღვანელებს არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვთ ამ თანამდებობებზე გააგრძელონ მუშაობა.

„მათ ამის არც მორალური უფლება აღარ გააჩნიათ, განსაკუთრებით აუდიტის სამსახურს. მას არავითარი კავშირი არ აქვს პრეზიდენტთან. ამ თანამდებობაზე პირს ირჩევს პარლამენტი. უბრალოდ იმ შემთხვევაში თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება, მას აქვს იმუნიტეტი გააგრძელოს პოსტზე მუშაობა. მაგრამ თუ ცდებას მას, ცხადია, მისი ჩანაცვლების ლეგალური გზის მოძებნა შეიძლება“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება, ამიტომ სუბარის განმარტებით, მიმდინარე ცვლილები ყოველგვარი თვითნებობისა და ძალდატანების გარეშე წარიმართება.

„ფაქტი, რომ ჩვენ აღნიშნული სტრუქტურების კანდიდატები დავასახელეთ ნიშნავს იმას, რომ ცვლილება აუცილებლად განხორციელდება. მაგრამ რათქმაუნდა, კანონის ფარგლებში. კონკრეტულად როგორ და რა ფორმით, ეს მომავალში  გამოჩნდება“, - აღნიშნა სუბარმა.

რაც შეეხება, გიორგი კალანდაძის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას და აქედან გამომდინარე გამოწვეულ ეჭვს, რომ პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ვერ ახორციელებენ გენშტაბის კონტროლს, სუბარი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულის თაობაზე ისინი ინფორმირებულნი იყვნენ.

მისი თქმით, გუშინ მოქმედი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წამომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღნიშნულის შესახებ მოქმედი ხელისუფლების წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია და ამის მიზეზიც განუმარტეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ სააშკარაოზე გამოიტანენ თუ არა ამ საკითხს ეს მხოლოდ მათი პრეროგატივაა.

„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მათ მიერ მოწოდებულ ცნობაზე, ჩვენგან ვერანაირი ვერც თანხმობა და ვერც უარყოფა ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასში ჩარევას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რაც შეეხება არმიას თუ ამ სისტემაში სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებს, ისინი ექვემდებარებიან თავდაცვის მინისტრს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი კი არის პრეზიდენტი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს კანონის შესაბამისად სწორედ ის ნიშნავს და ცვლის“, - დასძინა მან.